ფოთო ხელოვნება



“ნეგატივი შესაძლებელია მუსიკალურ ნოტებს შევადაროთ,
ხოლო ანაბეჭდი კი კონცერტს, ყოველი ახალი კონცერტი
რაღაცით განსხვავებული იქნება წინამორბედისაგან”

ანსელ ადამსი
ამერიკელი პეიზაჟისტი ანსელ ადამსი ფოტოხელოვნების ისტორიაში ლეგენდარული ფიგურაა. მისი შავ--თეთრი ფოტოები გასაოცარი ეპიკური ექსპრესიითა და მომაჯადოებელი რეალიზმითაა გაჯერებული. ადამსმა გრძელი და ნაყოფიერი შემოქმედების განმავლობაში 40.000-ზე მეტი ფოტო შექმნა და 500-ზე მეტ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მისი წიგნების ტირაჟმა კი დიდი ხანია მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა.

ანსელ ადამსი 1902 წლის 20 თებერვალს დაიბადა ქალაქ სან-ფრანცისკოში. იგი განათლებით მუსიკოსი გახლდათ და მისი შემოსავლის ძირითად წყაროს მუსიკის მასწავლებლობა წარმოადგენდა. 1920-1927 წლებში ადამსი სიერა-ნევადას მთებში განლაგებულ იოსემიტის ნაციონალურ პარკში მსახურობდა, სადაც დაიწყო მისი პირველი გატაცება ფოტოგრაფიით. პ.სტრენდის გავლენით, 30-იანი წლების ბოლოს ფოტოგრაფია მისი ძირითადი პროფესია გახდა. 1927 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი სერია “პარმელიანური პოზიტივები”, ხოლო 1930 წელს გამოსცა პირველი ილუსტრირებული წიგნი – “ტაოს პუებლო”. თავდაპირველად იგი მუშაობდა ფერწერულ-იმპრესიონისტულ სტილში, თუმცა შემდგომ უარი თქვა პიქტორიალიზმზე და 1932 წელს ჩამოყალიბებულ “ფ-64 ჯგუფის” წევრებთან ერთად “ნამდვილი ფოტოგრაფიის” პრინციპები გაიზიარა და თავისი შემოქმედება კალიფორნიის მთების და უდაბნოების უკაცრიელი ლანდშაფტების აღბეჭდვას მიუძღვნა. ადამსის ნამუშევრების ძირითადი ნაწილი, შავ-თეთრი ფოტოები, საოცარი მკვეთრი კონტრასტული ფაქტურით და არაჩვეულებრივად გაჯერებული შუქით გამოირჩევა. ცნობილია, რომ ოსტატის მიერ შეიქმნა შუქის ზონალური სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა ექსპონომეტრით წინასწარ განისაზღვროს კომპოზიცის ყველა დეტალის მხატვრული ეფექტი. ამ სისტემამ საბოლოო სახე 1941 წელს მიიღო, როდესაც ადამსმა ვაშინგტონში შიანგან საქმეთა სამინისტორსთვის შექმნა დიდი ფოტოპანო.

ადამსის მიერ 1940 წელს დაარსდა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ფოტოხელოვნების განყოფილება, ხოლო 1946 წელს ფოტოგრაფიის კათედრა კალიფორნიის ნატიფი ხელოვნების სკოლაში. მის მიერ გამოიცა არაერთი ალბომი და დამხმარე სახელმძღვანელო, მათ შორის “ფოტოსურათის შექმნა” 1935წ; “სიერა ნევადა” 1949წ; “ჩემი კამერა ნაციონალურ პარკებში” 1950წ; “ფოტოგრაფია ბუნებრივი განათების პირობებში” 1952წ; “სახელმძღვანელო პოლაროიდული გადაღებებისას ღია ცის ქვეშ” 1963წ. ასევე მისი გარდაცვალების შემდგომ (1985წ) გამოიცა ანსელ ადამსის მემუარები.

ანსელ ადამსი გარდაიცვალა 1984 წლის 22 აპრილს კალიფორნიის შტატ კარმელში.
ანსელ ადამსი ერთის მხრივ საოცარი მხატვრული ალღოთი იყო დაჯილდოებული, მეორე მხრივ კი უზადოდ ფლობდა ფოტოგრაფიის ტექნიკას. ის იყო ბეჭდვის ვირტუოზი, ფოტოტექნიკის ოსტატი და განუწყვეტლივ ახორციელებდა სხვადასხვა ტექნიკურ ექსპერიმენტებს. მისი მიერ შექმნილ “ზონალურ თეორიას”, დღესდღეისობითაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა ფოტოგრაფიაში.

ანსელ ადამსმა ფოტოგრაფიაში საკმაოდ გრძელი გზა განვლო – 60 წელზე მეტი, ეს გზა 20-იან წლებში დაიწყო, პიქტორიალურისტური ფოტოგრაფიის ოქროს ხანაში. იმ პერიოდში შექმნილი სიმკვეთრეს მოკლებული პეიზაჟები და ფოტოები იმპრესიონისტ მხატვართა ტილოებს წააგავდა.
თავად ადამსის პირველი ფოტოები პიქტორიალისტური, მხატვრული სტილით გახლდათ გადაწყვეტილი, თუმცა მალე უარი თქვა პიქტორიალიზმზე და თავად შექმნა საკუთარი უნიკალური სტილი.
ამერიკელი ფოტოგრაფიის კლასიკოსი ალფრედ სტიგლიცი სინანულით წერდა “...ჩემი ფოტოები გამოიყურებიან როგორც ნამდვილი ფოტოები, “მხატვრული ფოტოგრაფების” შეხედულებით ისინი არ მიეკუთვნებიან ხელოვნებას. კარგი იქნებოდა, რომ ამ ადამიანებს თუნდაც მცირეოდენი წარმოდგენა ჰქონდეთ ხელოვნებაზე ან ფოტოგრაფიაზე, ან თუნდაც ცხოვრებაზე! მე მსურს, რომ ჩემი ფოტოები რაც შეიძლება მეტად წააგავდნენ ფოტოგრაფიას, რათა მან, ვისი თვალებიც ვერაფერს ხედავს, ვერც კი შეამჩნიოს ისინი, ხოლო ის, ვინც ერთხელ მაინც შეძლო დანახვა, არასოდეს დაივიწყოს”.

ანსელ ადამსმა სტიგლიცის ფოტოები სამუდამოდ დაიმახსოვრა. ასეთი დიდი გავლენა მის შემოქმედებაზე არავის მოუხდენია. რბილი ოპტიკით საყოველთაო გატაცების ფონზე ადამსმა ედვარდ უეტსონთან, იმოჯენ კანინგხემტან და სხვა ფოტოგრაფებთან ერთად ჩამოაყალიბა “ფ-64” ჯგუფი. თავად დასახელება მიგვანიშნებს - ბოლომდე, 64 მნიშვნელობამდე დახურულ დიაფრაგმაზე. ყველა პლანის უკიდურესი სიმკვეთრე, ყველა დისტანციაზე, რამდენიმე სანტიმეტრიდან უსასრულობამდე. ასეთი “მკვეთრი ფანატიზმით” ჯგუფის წევრები ცდილობდნენ ფოტოგრაფია მიმბაძველობის გავლენისაგან გაეთავისუფლებინათ.
საქმე, რა თქმა უნდა არა ფოკუსირების ახალ ხერხს, არამედ აზროვნების შეცვლაში მდგომარეობდა.
ადამსის ფოტოები რთული, მრავალფენიანია. როგორც წესი, შედგებიან ერთმანეთზე დადებული რამდენიმე კომპოზიციური ფაზისაგან, სადაც თითოეულ მათგანს თავისი რიტმული წყობა აქვს. ყველა ფაზა ერთმანეთზეა დამოკიდებული. თავდაპირველად ვხედავთ მათგან ძირითადს, ის ყოველთვის ლაკონური და მეტყველია. ადამსის ფოტოებს დიდი ხანი და დაკვირვებით უნდა უმზირო, როგორც ის თავად უმზერდა მის გარშემო არსებულ ბუნებას. მის ფოტოებზე იკითხება თითოეული ხე, ბალახის ღერო, მასზე მოლიცლიცე ნამი. ადამსის ფოტებზე ცა არასოდეს არის ცარიელი და უღიმღამო. შუქის ფილტრების, ბეჭდვისას ტონალობის ვირტუოზულმა გამოყენებამ, მის მიერ დანერგილმა “ზონალურმა სისტემამ” უმაღლესი გამომსახველობა და მისტიური სილამაზე შესძინა აღბეჭდილ ბუნებას.

მსხვილფორმატიანი აპარატურა მის შრომას ტიტანურად მძიმეს ხდიდა, მაგრამ სიმკვეთრის სიღრმის ცვლილება, სიმკვეთრის კონცენტრაცია სიუჟეტურად მნიშვნელოვან ადგილებში, ობიექტივის მოძრაობის საშუალებით, ნახევარტონების მდიდარი სკალა და დიდი ფორმატის სხვა ღირსებები, რომელსაც ადამსი იყენებდა, მცირე ფორმატისათვის არ იყო ხელმისაწვდომი.
თუმცა ადამსმა ერთხელ შენიშნა: “მე რომ იძულებული გავმხარიყავი დავკმაყოფილებულიყავი ობიექტივიანი უბრალო ყუთით, ამ შემთხვევაშიც კი შევიმუშავებდი სრულფასოვან და გამომსახველ ტექნიკას. ის, რისი დანახვაც ფოტოგრაფს შეუძლია და დანახულის შესახებ გადმოსცეს, ამას გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ტექნიკურ მოწყობილობას”.
“განათება და დამუქება – ეს ის მეთოდებია, რომლის გამოყენებაც საჭირო ხდება, რათა გამოსწორდეს ღმერთის მიერ სიკაშკაშესთან მიმართებაში დაშვებული შეცდომები”
ანსელ ადამსი ბევრს მუშაობდა შემოქმედის მიერ “დაშვებულ შეცდომებზე”. საკონტროლო ანაბეჭდებზე ის რუქას ხატავდა, სადაც აღნიშნავდა ადგილებს, რომლებიც განათებას, დამუქებას ან სხვა მანიპულაციებს საჭირობდნენ. მისი რუქები 170-მდე ასეთ ადგილს შეიცავდა!

გარკვეული პერიოდი, როცა მხატვრული ფოტოგრაფიის წამყვან სფეროდ ფოტოჟურნალისტიკა იქცა და ასპარეზზე ჰენრი კარტიე-ბრესონის, ალფრედ აივენშტედტის, დევიდ სეიმურის, უიუჯინ სმიტის და სხვა სოციალური ფოტორეპორტაჟების ოსტატების სახელები გამოჩნდა ფოტოასპარეზზე, ადამსის სახელი ჩრდილში მოექცა. ბევრი მის ნამუშევარს მხოლოდ “შესანიშნავ საფოსტო ბარათებად” თვლიდა.
თუმცა ანსელ ადამსი აუღელვებლად აგრძელებდა თავის მოღვაწეობას. მისი შემოქმედება საზოგადო მოღვაწეობის განუყრელი ნაწილი იყო. ის ყოველთვის ბუნების დამცველთა მოწინავე რიგებში იყო და აპროტესტებდა ბარბაროსულ, მძარცველურ მოპყრობას. მისი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში ფოტოკამერა გახლდათ.
“ჩემს უამრავ სურათში ბუნებაა აღბეჭდილი. ბუნების ფოტოგრაფირებისას მე ვგრძნობ, რომ ადამიანებს ცოცხალ სამყაროსთან ვაახლოვებ”.
სწორედ ბუნებისადმი ასეთი სიყვარულით გაჯერებული და სათუთი დამოკიდებულებით, შეძლო ადამსმა შეუდარებელი ფოტოების შექმნა.

“უბრალოდ, მიმოიხედეთ თქვენს გარე სამყაროში და მე შეამოწმეთ თქვენი საკუთარი შეგრძნებები და შეხედულებები. შეეკითხეთ საკუთარ თავს: მაღელვებს კი მე ეს თემა, მაიძულებს, რომ ვიფიქრო ან ვიოცნებო? შემიძლია კი,
წარმოვიდგინო ისეთი ანაბეჭდი, რომელიც ჩემს საკუთარ შეხედულებებს არეკლავს, ჩემს გრძნობებს, რომელთა გადმოცემაც მსურს?